суббота, 20 декабря 2008 г.

ს ა ხ ლ ი



სახლს მესერი თითქმის არ ქონდა, აქა იქ მეჩხერად იდგა წვიმებისგან და თოვლისგან შემომპალი ხის ბოძები, რომლებზეც ოდესღაც მავთული უნდა ყოფილიყო გაბმული, მის არსებობას ამტკიცებდა ბოძებზე შემორჩენილი უკვე კარგად დაჟანგული რკინის ნარჩენები..ისევ წვიმდა..ჟინჟლავდა გულის გამაწყალებლად.. სახლს ეზო ჰქონდა.. ეზოში მხოლოდ ერთი ხე იდგა, ისიც გაურკვეველი წარმომავლობის და სანახევროდ გამხმარი. წვიმას ეზო აეტალახებინა.. კუპრივით შავი ტალახი, ჩამოწოლილი ბინდი და ჭუჭყიანი წყლისფერი წვიმა ნაღვლიან, სევდიან და რაღაცნაირ მომაბეზრებელ განწყობას ქმნიდა.. სახლი ორსართულიანი იყო, ქვით ნაგები, შეულესავი და ნაცრისფერი..სახლს კიბე გარედან ქონდა ისიც ატალახებული და სახლივით ნაცრისფერი..სახლის კიბეს რკინის მოაჯირი მიუყვებოდა, შეუღებავი და ჟანგისფერი.. თუმცა ალაგ-ალაგ, გადაქერცლილი და დამსკდარი წითელი საღებავის კვალი შეინიშნებოდა, ოდესღაც სახლის კიბის მოაჯირი შეღებილი ყოფილა, თანაც წითლად..სახლის ეზოში მოხარშული ხორცის სუნი იდგა და ოხშივარიც მოდიოდა.. ტალახს კი პირუტყვის სისხლი აზელვოდა და მიწას წითელი ფერი მისცემოდა, აი, ისეთი ოდესღაც სახლის კიბის მოაჯირი რომ ყოფილა შეღებილი.. სახლი სოფელში იდგა..სახლის პირველი სართულის იატაკი თითქმის ისეთივე იყო როგორც სახლის ეზო, იგივე სურნელი აქაც ტრიალებდა და იგივე ნესტი იგრძნობოდა..სახლის მეორე სართულზე \"ზალა\" იყო, საიდანაც მთელი ავეჯი გაეტანათ, ძველებურ ხის სარკეზე ზეწარი ჩამოეფარებინათ, სკამები მრგვლად დაეწყოთ და მათ შუაში კი უხეში ფიცრებით აწყობილი და ნაჩქარევად გალაკული სასახლე ჩაედგათ..სახლის მეორე სართულზე ზალაში კედლიდან \"შიშველი ვენერას\" რეპროდუქციის ჩამოხსნა დავიწყებოდათ ან არ ჩამოეხსნათ.სახლის მეორე სართულზე ზალაში ბრჭყვიალა პარკში შეფუთული და ვარდისფერი ქაღალდის ბაფთით შემკობილი, სამი მომჭკნარი კალა იწონებდა თავს სასახლის ბოლოსთან..სახლის მეორე სართულზე ზალაში, სასახლის გარშემო ჩამწკრივებულ სკამებზე ქალები ისხდნენ საგანგებოდ ჩაცმულები და საგანგებოდ ნაღვლიანები. სასახლის თავთან პატარა ლაკ გადამძვრალ ხის მაგიდაზე პატარა ლარნაკში ხორბალი ეყარა,სადაც სახლში დამზადებული თაფლის სანთელი ბჟუტავდა, იქვე შავი ჩარჩოდან მიცვალებული იღიმებოდა..სახლის მეორე სართულზე ზალის გარდა, სხვა ოთახიც იყო სადაც ჭირისუფლები შავ სამოსს იზომავდნენ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებდნენ როგორიც ქელეხში ხალხის დაპატიჟება და ფულის ასაკრეფად კაცის დასმა იყო..ეზოში ისევ წვიმდა და ისევ იგრძნობოდა ხორცის სუნი..

* * *
როგორ ჩაეძინა არც კი ახსოვს, ძალიან დაღლილი დაბრუნდა თავის სახლში და იქვე, სახლის პირველ სართულზე გაუხდელად მიეძინა ნიკელის საწოლზე.. ის კი ახსოვს გამოღვიძება რომ უნდოდა ძალიან..მერე გამოეღვიძა კიდეც თუმცა მისი სახლი მის სახლს საერთოდ არ გავდა, წვიმასაც გადაეღო და როგორც ეტყობოდა შემოდგომაც გაზაფხულს შეეცვალა..სახლს მესერი ქონდა, ოღონდ ჩვეულებრივი კი არა ათასნაირი ყვავილებისგან დაწნული.. თითქმის ყველა ჯიშის ყვავილი იყო აქ, ერთმანეთში გადაწნული და ხასხასა მწვანე ფოთლებით შემოსილნი..მზე სითბოს ღვრიდა უხვად...სახლს ეზო ჰქონდა.. სადაც კაკლის და ჭადრის ხეების ტოტები ცასთან საუბრობდნენ.. მწვანე ბალახში მარგალიტებივით იყო მიმობნეული თეთრი, ყვითელგულა გვირილები.. მოშრიალე ხეები, მცხუნვარე მზე და ათასნაირი ყვავილი რაღაცნაირ არაამქვეყნიურ განწყობას ქმნიდა.. სახლი ისევ ორსართულიანი იყო, თუმცა შელესილი და ცისფრად შეღებილი..სახლს კიბე ისევ გარედან ქონდა, ისიც ეზოსავით აყვავებული.. იისფერი ვარდებისგან დაწნული მოაჯირი ამშვნებდა და იისფერ ბურუსში ხვევდა კაცს.. სახლის ეზოში ყვავილების და თაფლის სანთლის ღვთაებრივი სურნელი იდგა.. მიწას აქა იქ ის იისფერი ვარდები შერეოდა სახლის მოაჯირს რომ ამშვენებდა..სახლის პირველი სართულის იატაკი სულ მთლიანად ოქროსფერი იყო.. აქაც ის სუნი იჭრებოდა სახლის მთელ ეზოში რომ იდგა..სახლის მეორე სართულზე დარბაზი იყო, რომელიც ისე კაშკაშებდა რომ ვერაფერს ვერ გაარჩევდით..

* * *
სასახლე ჯერ ატალახებულ ეზოში ჩამოიტანეს და ორ, ხის საკმაოდ შელახულ სკამზე დაასვენს.. ჭირისუფლები გამოეთხოვნენ მიცვალებულს.. მიცვალებული კი სახლს გამოეთხოვა..სახლიდან მიცვალებული ზუსტად ორ საათზე გაასვენეს და სოფლის ბოლოს, სასაფლაოსკენ აიღეს გეზი..ისევ ჟინჟლავდა.. ზოგი ქოლგის ქვეშ ემალებოდა წვიმის ჭუჭყიან წვეთებს, ზოგსაც გაყვითლებული, ძველისძველი გაზეთი წაეფარებინა თავზე.. გზაც სახლის ეზოსავით ტალახიანი და ოღრო ჩოღრო იყო..

* * *
გაკვირვებული სახლიდან ეზოში გამოვიდა და იქვე კაკლის ხის ძირას ხის მოჩუქურთმებულ სკამზე ჩამოჯდა.. დაასვენა დაღლილი სხეული და თან ყვავილნარის სურნელით და მზის სითბოთი დატკბა..როდესაც ეზოდან გასვლა დააპირა, ჩვეულებისამებრ დაიხედა ძველ. კომუნისტურ დროიდან შემორჩენილ მაჯის საათზე.. ისრები ზუსტად ორ საათს უჩვენებდნენ.. გამოვიდა ეზოდან და გეზი იქითკენ აიღო საიდანაც უზარმაზარი ნათელი მოდიოდა.. ეს სადღაც ბოლოში უნდა ყოფილიყო..მზე ისევ ისე აცხუნებდა..
* * *
ჟინჟლვას კიდე უფრო მოემატა და კიდევ უფრო გულის გამაწვრილებელი გახდა.. პროცესია უკან ბრუნდებოდა.. ქელეხში მიიჩქაროდნენ..
ინა იმედაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий