суббота, 20 декабря 2008 г.

ს ა ხ ლ ი



სახლს მესერი თითქმის არ ქონდა, აქა იქ მეჩხერად იდგა წვიმებისგან და თოვლისგან შემომპალი ხის ბოძები, რომლებზეც ოდესღაც მავთული უნდა ყოფილიყო გაბმული, მის არსებობას ამტკიცებდა ბოძებზე შემორჩენილი უკვე კარგად დაჟანგული რკინის ნარჩენები..ისევ წვიმდა..ჟინჟლავდა გულის გამაწყალებლად.. სახლს ეზო ჰქონდა.. ეზოში მხოლოდ ერთი ხე იდგა, ისიც გაურკვეველი წარმომავლობის და სანახევროდ გამხმარი. წვიმას ეზო აეტალახებინა.. კუპრივით შავი ტალახი, ჩამოწოლილი ბინდი და ჭუჭყიანი წყლისფერი წვიმა ნაღვლიან, სევდიან და რაღაცნაირ მომაბეზრებელ განწყობას ქმნიდა.. სახლი ორსართულიანი იყო, ქვით ნაგები, შეულესავი და ნაცრისფერი..სახლს კიბე გარედან ქონდა ისიც ატალახებული და სახლივით ნაცრისფერი..სახლის კიბეს რკინის მოაჯირი მიუყვებოდა, შეუღებავი და ჟანგისფერი.. თუმცა ალაგ-ალაგ, გადაქერცლილი და დამსკდარი წითელი საღებავის კვალი შეინიშნებოდა, ოდესღაც სახლის კიბის მოაჯირი შეღებილი ყოფილა, თანაც წითლად..სახლის ეზოში მოხარშული ხორცის სუნი იდგა და ოხშივარიც მოდიოდა.. ტალახს კი პირუტყვის სისხლი აზელვოდა და მიწას წითელი ფერი მისცემოდა, აი, ისეთი ოდესღაც სახლის კიბის მოაჯირი რომ ყოფილა შეღებილი.. სახლი სოფელში იდგა..სახლის პირველი სართულის იატაკი თითქმის ისეთივე იყო როგორც სახლის ეზო, იგივე სურნელი აქაც ტრიალებდა და იგივე ნესტი იგრძნობოდა..სახლის მეორე სართულზე \"ზალა\" იყო, საიდანაც მთელი ავეჯი გაეტანათ, ძველებურ ხის სარკეზე ზეწარი ჩამოეფარებინათ, სკამები მრგვლად დაეწყოთ და მათ შუაში კი უხეში ფიცრებით აწყობილი და ნაჩქარევად გალაკული სასახლე ჩაედგათ..სახლის მეორე სართულზე ზალაში კედლიდან \"შიშველი ვენერას\" რეპროდუქციის ჩამოხსნა დავიწყებოდათ ან არ ჩამოეხსნათ.სახლის მეორე სართულზე ზალაში ბრჭყვიალა პარკში შეფუთული და ვარდისფერი ქაღალდის ბაფთით შემკობილი, სამი მომჭკნარი კალა იწონებდა თავს სასახლის ბოლოსთან..სახლის მეორე სართულზე ზალაში, სასახლის გარშემო ჩამწკრივებულ სკამებზე ქალები ისხდნენ საგანგებოდ ჩაცმულები და საგანგებოდ ნაღვლიანები. სასახლის თავთან პატარა ლაკ გადამძვრალ ხის მაგიდაზე პატარა ლარნაკში ხორბალი ეყარა,სადაც სახლში დამზადებული თაფლის სანთელი ბჟუტავდა, იქვე შავი ჩარჩოდან მიცვალებული იღიმებოდა..სახლის მეორე სართულზე ზალის გარდა, სხვა ოთახიც იყო სადაც ჭირისუფლები შავ სამოსს იზომავდნენ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებდნენ როგორიც ქელეხში ხალხის დაპატიჟება და ფულის ასაკრეფად კაცის დასმა იყო..ეზოში ისევ წვიმდა და ისევ იგრძნობოდა ხორცის სუნი..

* * *
როგორ ჩაეძინა არც კი ახსოვს, ძალიან დაღლილი დაბრუნდა თავის სახლში და იქვე, სახლის პირველ სართულზე გაუხდელად მიეძინა ნიკელის საწოლზე.. ის კი ახსოვს გამოღვიძება რომ უნდოდა ძალიან..მერე გამოეღვიძა კიდეც თუმცა მისი სახლი მის სახლს საერთოდ არ გავდა, წვიმასაც გადაეღო და როგორც ეტყობოდა შემოდგომაც გაზაფხულს შეეცვალა..სახლს მესერი ქონდა, ოღონდ ჩვეულებრივი კი არა ათასნაირი ყვავილებისგან დაწნული.. თითქმის ყველა ჯიშის ყვავილი იყო აქ, ერთმანეთში გადაწნული და ხასხასა მწვანე ფოთლებით შემოსილნი..მზე სითბოს ღვრიდა უხვად...სახლს ეზო ჰქონდა.. სადაც კაკლის და ჭადრის ხეების ტოტები ცასთან საუბრობდნენ.. მწვანე ბალახში მარგალიტებივით იყო მიმობნეული თეთრი, ყვითელგულა გვირილები.. მოშრიალე ხეები, მცხუნვარე მზე და ათასნაირი ყვავილი რაღაცნაირ არაამქვეყნიურ განწყობას ქმნიდა.. სახლი ისევ ორსართულიანი იყო, თუმცა შელესილი და ცისფრად შეღებილი..სახლს კიბე ისევ გარედან ქონდა, ისიც ეზოსავით აყვავებული.. იისფერი ვარდებისგან დაწნული მოაჯირი ამშვნებდა და იისფერ ბურუსში ხვევდა კაცს.. სახლის ეზოში ყვავილების და თაფლის სანთლის ღვთაებრივი სურნელი იდგა.. მიწას აქა იქ ის იისფერი ვარდები შერეოდა სახლის მოაჯირს რომ ამშვენებდა..სახლის პირველი სართულის იატაკი სულ მთლიანად ოქროსფერი იყო.. აქაც ის სუნი იჭრებოდა სახლის მთელ ეზოში რომ იდგა..სახლის მეორე სართულზე დარბაზი იყო, რომელიც ისე კაშკაშებდა რომ ვერაფერს ვერ გაარჩევდით..

* * *
სასახლე ჯერ ატალახებულ ეზოში ჩამოიტანეს და ორ, ხის საკმაოდ შელახულ სკამზე დაასვენს.. ჭირისუფლები გამოეთხოვნენ მიცვალებულს.. მიცვალებული კი სახლს გამოეთხოვა..სახლიდან მიცვალებული ზუსტად ორ საათზე გაასვენეს და სოფლის ბოლოს, სასაფლაოსკენ აიღეს გეზი..ისევ ჟინჟლავდა.. ზოგი ქოლგის ქვეშ ემალებოდა წვიმის ჭუჭყიან წვეთებს, ზოგსაც გაყვითლებული, ძველისძველი გაზეთი წაეფარებინა თავზე.. გზაც სახლის ეზოსავით ტალახიანი და ოღრო ჩოღრო იყო..

* * *
გაკვირვებული სახლიდან ეზოში გამოვიდა და იქვე კაკლის ხის ძირას ხის მოჩუქურთმებულ სკამზე ჩამოჯდა.. დაასვენა დაღლილი სხეული და თან ყვავილნარის სურნელით და მზის სითბოთი დატკბა..როდესაც ეზოდან გასვლა დააპირა, ჩვეულებისამებრ დაიხედა ძველ. კომუნისტურ დროიდან შემორჩენილ მაჯის საათზე.. ისრები ზუსტად ორ საათს უჩვენებდნენ.. გამოვიდა ეზოდან და გეზი იქითკენ აიღო საიდანაც უზარმაზარი ნათელი მოდიოდა.. ეს სადღაც ბოლოში უნდა ყოფილიყო..მზე ისევ ისე აცხუნებდა..
* * *
ჟინჟლვას კიდე უფრო მოემატა და კიდევ უფრო გულის გამაწვრილებელი გახდა.. პროცესია უკან ბრუნდებოდა.. ქელეხში მიიჩქაროდნენ..
ინა იმედაშვილი

понедельник, 15 декабря 2008 г.

ს ო ფ ი ო


სოფიო ერქვა, დედამ დაარქვა თავის ყოფილი პატრონის, ერთი მოხუცი ქალის პატივსაცემად, სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა ქუჩაში სოფიოს დედა, თორემ სახლიც ჰქონია და საკუთარი საჭმელის ჯამიც. სოფიო რომ ამ ამბავს ისმენდა, თვალები აუბრწყინდებოდა და ოცნებებში საკუთარი დედის ადგილას წარმოიდგენდა ხოლმე თავს: აი სოფიოს სახლი აქვს, ეფერებიან, უყვართ, ქვის სროლას ვერავინ ვეღარ უბედავს, ამაყად დაჰყვება გვერდით საკუთარ პატრონს და მზად არის მის გამო მთელ სამყაროს დაუპირისპირდეს.…დიდი მეოცნებე იყო სოფიო.. კუპრივით შავი, პრიალა, გრძელი ბეწვი ქონდა, თვალები დიდი, დიდი ნაღვლიანი, თაფლისფერი, მუდამ ცრემლიანი და მუდამ მბრწყინავი..სოფიო სხვა და-ძმასთან ერთად დიდი ქალაქში, ასევე დიდი ქუჩის, პატარა შესახვევში ერთ ვიწრო, მიყრუებულ ადგილას მუყაოს ყუთში დაიბადა და აქვე ცხოვრობდა, დედასთან და ორ და ძმასთან ერთად.. დედა მთელი დღე საშოვარზე იყო გასული, სოფიო კი იჯდა და ოცნებობდა.. მამას არ იცნობდნენ და არც დედა საუბრობდა მასზე არასდროს.სანამ სოფიო მოიზრდებოდა ყუთში ხტუნაობას და და-ძმებისთვის ზღაპრების მოყოლას არაფერი ერჩია, რომ მოიზარდა მიხვდა რომ სამყარო მარტო ამ მუყაოს ყუთში ვერ ჩაეტეოდა, მიხვდა და უფრო ნაღვლიანი გაუხდა მზერა..ღამით როცა ყველას ადამიანს და ძაღლსაც ტკბილი ძილით ეძინათ, სოფიო ყუთიდან გამოდიოდა, მთვარეს შესცქეროდა და ისევ ოცნებებით ტკბებოდა.. სოფიო ძალიან ლამაზი იყო, უბნის მაწანწალა მამრი ძაღლები მისთვის კარგავდნენ ჭკუას, თუმცა სოფიო ამაყი იყო და არავის არ იკარებდა. სოფიო ჩვეულებრივი მაწანწალა ძაღლი არ იყო, ის სოფიო იყო, მეოცნებე სოფიო. და მისი ოცნებები ყოველთვის ერთი მიმართულებით მიქროდა, ლამაზი შავი, მაწანწალა ძაღლი თეთრ უფლისწულს ელოდებოდა, რომელსაც სოფიოს სილამაზე ისე მოაჯადოვებდა რომ სახლსაც აჩუქებდა და დედოფალივითაც აცხოვრებდა, საკუთარი ოქროს ჯამიც ექნებოდა, ბუმბულის ნაზი ბალიშიც და ბრილიანტებით მოოჭვილი საყელურიც..
* * *ერთხელაც სოფიოს დედა საშოვარზე წავიდა და აღარ დაბრუნებულა, არც მეორე დღეს გამოჩენილა, არც მესამე დღეს, არც იმ კვირას და არც იმ თვეს.… სოფიოს არ უნდოდა ცუდზე ეფიქრა და თავის თავი და და-ძმა დაარწმუნა:ნუ გეშინიათ, დედა ალბათ ყოფილი პატრონის, სოფიოს, შვილებმა იპოვეს და იმათ წაიყვანეს, სულ მალე ჩვენს წასაყვანად დაბრუნდება და ჩვენც მზად უნდა დავხვდეთ..სოფიო მიხვდა, რომ დადგა მუყაოს ყუთში დატეული სამყაროს მიტოვების დრო. საკუთარი პატარა და ძმა შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, არსებობისთვის ბრძოლა უნდა დაეწყო. დედისგან იცოდა რომ ქუჩის ბოლოს, მეორე მხარეს ადამიანების სასადილო იყო, ხოდა იქ ზოგიერთი გულმოწყალე გადმოუგდებდა ხოლმე მშიერ ძაღლებს ცოტა ნარჩენებს..
* * *სოფიო თან კაფისკენ მიდიოდა, თან ოცნებობდა: “ რომ დამინახავენ ჩემი სილამაზით მოიხიბლებიან, ჯერ კარგად დამაპურებენ, ალბათ ერთი ნაჭერი ნამცხვარიც შემხვდება, ცოტას ჩემს და ძმასაც შევუნახავ, შემდეგ სახლში წამიყვანენ, შამპუნით მაბანავებენ, სუნამოს მომაპკურებენ, ჩემს ისედაც ლამაზ ბეწვს როგორ მოუხდება დავარცხნა, ალბათ სულ ათასფერად აბრჭყვიალდება, მერე ჩემს დაძმასაც ჩემთან წავიყვან, და იქნებ დედაც ვიპოვო..”სულელი ძაღლი, საიდან მოეთრა, ესღა გვაკლდა!ოცნებებიდან ღრიალმა გამოაფხიზლა, გვერდით გახტა თორემ ნასროლი რაღაც ხის ნაჭერი არ ასცდებოდა, გული ამოვარდნაზე ქონდა, გულ ამომჯდარი და შეშინებული უკან მოუხედავად გარბოდა თან იმ კაცის წყევლა კრულვა მიჰყვებოდა. _ აქ აღარ დაგინახო თორე, ვეღარ გადამირჩები მიგაძაღლებ და კიდევ ერთი მაწანწალისგან დავისვენებთ!ეხლა კი მიხვდა რატომ მოდიოდა დედა ხშირად იარებიანი, თვალ დასისხლიანებული და საშინლად სედიანი.. გულმა ისიც უგრძნო რატომ აღარ დაუბრუნდათ საშოვარზე წასული დედიკო.. თუმცა ამაზე ფიქრს მაინც თავი აარიდაა.სიკვდილი ერჩია სოფიოს ასეთ დამცირებას.. სიმწრისაგან ცრემლად იღვრებოდა და თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა..
* * *ის, ის იყო ცოტა ხნით ჩამოჯდა, რომ როგორმე სული მოეთქვა, მის წინ უზარმაზარი ხორბლისფერი, წარმოსადეგი, ჯიშიანი ძაღლი აისვეტა..სოფიოს თვალები გაუბრწყინდა: აი, ის ვისაც ელოდა, მისი ოცნებების მუდმივი გმირი, მისი უფლისწული..სოფიოს მაშინვე დაავიწყდა წყენა და ბრაზი, თათით შუბლზე ჩამოშლილი ბეწვი გაისწორა და კეკლუცად აუარ-ჩაუარა... დიდმა ხორბლისფერმა ჯიშიანმა ძაღლმაც Yყურადღებით აათვალიერ_ჩაათვალიერა და კეთილგანწყობის ნიშნად შეჰყეფა.. სოფიო ბედნიერების მწვერვალზე იყო, როგორც იქნა ოცნებები აუხდა.. დიდი ხორბლისფერი, ჯიშიანი ძაღლი ძალიან ყურადღებიანი, და ზრდილობიანი აღმოჩნდა. ის და სოფიო მთელი Dდღე ერთად დადიოდნენ, მთელი ქალაქი მოიარეს, საკვებსაც ერთად შოულობდნენ, საღამოთი კი სოფიოს და ძმებს აპურებდნენ. ღამით დიდი ხორბლისფერი, ჯიშიანი ძაღლი სოფიოსთან რჩებოდა, რადგან როგორც აღმოჩნდა მას გასათევი არსად ქონდა, პატრონს დაჰკარგვოდა..სოფიოს ისე შეუყვარდა დიდი ხორბლისფერი ძაღლი, რომ იმასაც ვერ ამჩნევდა, ხანდახან როგორ ამპარტავნობდა უბნის მაწანწალებთან თავის დიდებული წარმოშობით, და არც იმას უცნაური ნაპერწკალი რომ გაჰკრავდა ხოლმე, მის ისეთ კუპრივით შავ თვალებში, გუგებიც კი რომ არ ეტყობოდა.. სოფიოს მთელი არსებით უყვარდა დიდი ხორბლისფერი, ჯიშიანი ძაღლი, ხოლო მას სოფიო უყვარდა?...
* * *
შეუძლიათ ძაღლებს სიყვარული? სოფიო ხომ სხვა იყო, სულ სხვა... სოფიო მეოცნებე, ლამაზი, თაფლისფერ თვალება ძაღლი იყო.. ასეთი გამონაკლისები ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც თქვენ წარმოიდგინეთ ძაღლებშიც იბადებიან, სოფიო ძაღლი იყო რომელსაც ოცნება და სიყვარული მთელი გულით შეეძლო..ხმელეთზე კი არა ცაში დაფრინავდა სოფიო როცა დიდი ხორბლისფერ, ჯიშიან ძაღლთან ერთად ქალაქის ქუჩებში დასეირნობდა, როცა უზარმაზარ ფანტანის წვეთებით სველდებოდნენ, როცა სადმე ბაღის ხასხასა მდელოზე კოტრიალობდნენ.. ერთხელ როცა სოფიო და ჯიშიანი ძაღლი სირბილისგან დაღლილ-დაქანცულები ისვენებდნენ, და სოფიო თავის მომავალზე ოცნებებს გაერთო, რომელიც უკვე დიდი ხორბლისფერი, ჯიშიანი ძაღლის გარეშე ვეღარ წარმოედგინა….. თავს ადამიანების ჯგუფი წამოადგათ, რომელსაც ხნიერი, ერთი ხმელი ქალი მეთაურობდა.. სოფიომ დიდი ხორბლისფერი, ჯიშიანი ძაღლის თვალები პირველად დაინახა სიყვარულით გაბრწყინებული. პირველად დაინახა მისი ღამესავით შავი თვალები გაფერკმთალებული ხნიერი ქალის დანახვაზე. _ ჩემო საყვარელო, რამდენი გეძებე, ჩემო ტკბილო, მოდი ჩაეხუტე შენს ქალბატონს, მოდი ჩემო ცეზარ..D დიდ, ხორბლისფერ ჯიშიან ძაღლს ცეზარი რქმევია.. ამის გაფიქრება მოასწრო სოფიომ როდესაც მისმა თაფლისფერმა თვალებმა დაინახეს როგორ წამოხტა ცეზარი, როგორ გაიქცა ქალისკენ და როგორ დაულოკა მთელი სახე.._ რა გინდოდა ჩემო ძვირფასო ამ უჯიშო მაწანწალასთან, წამოდი სახლში ნუგბარებით სავესე კალათი გელოდება, შენი მეგობარი პუდელი კარლაც ჩვენთანაა.. წამოდი..სოფიო მიშტერებოდა.. ცეზარი გაჰყვა პატრონს, უკან არც მოუხედავს.. თუმცა მოიხედა როგორ არა, მაგრამ ჯობდა არც მოეხედა, ისეთი ზიზღი ამოიკითხა სოფიომ მის თვალებში..მაინც გაეკიდა... მერე იმხელა ქვა ესროლეს და ისეთი ქოქოლა მიაყოლეს გახსენებაზეც კი გული საგულიდან უვარდებოდა..
* * *ქალაქში ერთი კაფეა, რომლის წინაც მთელი ქალაქის მაწანწალები იკრიფებიან, მათ შორის ერთი დიდი შავი ძაღლი გამოირჩევა, პირველ ლუკმას ყველა იმას უთმობს, იციან რომ სამი ლეკვი ელოდება შინ.. ხან ქვა მოხვდება შავ ძაღლს, ხან შეშის ნაჭერი, მაგრამ ძაღლისთვის სულ ერთია..ჩვეულებრივ შავ ქუჩის ძაღლად ქცეულა სოფიო, არსებობისთვის ბრძოლას ისე გაუტაცია ოცნებები სულ დავიწყებია.. შესაძლოა მასში ის ძველი სოფიო მაშინ მოკვდა როცა ბაღში ქვა ესროლეს და ქოქოლაც მიაყოლეს, შეიძლება მაშინ როცა დიდ ხორბლისფერ, ჯიშიანი ძაღლის თვალებში ზიზღი ამოიკითხა..Uუბნის ჭოროკინა მაწანწალები დღემდე ჭორაობენ სოფიოს ხორბლისფერ, ჯიშიან ლეკვებზე.. ალბათ არც არავის გაუგია, არც არავინ შეშფოთებულა იმ ამბით რომ ერთი ქალაქის ერთი მაწანწალა, უჯიშო ძაღლის ოცნებები, იმედი და სყვარული დიდმა ხორბლისფერმა ჯიშიანმა ძაღლმა მოკლა..

რისთვის მიმატოვე ადამიანო?


მე შენ სულ უბრალო, მსუბუქ და ძალიან ყვითელ მტვრისაგან შეგქმენი, სული შთაგიბერე და სიცოცხლე გაჩუქე...შენთვის რაც გამაჩნდა ყველაზე საუკეთესო, სამოთხის ბაღიც არ დამნანებია და საცხოვრებლად მოგეცი...ყველაფერი გქონდა მაგრამ მაინც სევდიანი მეჩვენე.. მუდამ შენზე ვზრუნავდი და შენი სევდის მიზეზსაც მივხვდი, მარტო მოწყენილი იყავი, გვერდით ადამიანი, მეგობარი გჭირდებოდა, თუმცა მე უფრო მეტი და ყველაზე ძვირფასი რამ მოგეცი _ სიყვარული გისახსოვრე, მე შენ ხომ ძალიან მიყვარდი, თუმცა როგორ არ უნდა მყვარებოდი შენ ხომ ჩემი ქმნილება, ჩემ სულ შთაბერილი იყავი, Yყველაფერი შენთვის მინდოდა...სიყვარული გაჩუქე მაგრამ არ შემეძლო დამეფარე შეცდომის ჩადენისგან, შენ ხომ ადამიანი იყავი, ადამიანი მთელი შენი ადამიანური ბუნებით...და მოვიდა ის დროც როცა შენ შეცდომა უნდა ჩაგედინა, მე ეს წინასწარ ვიცოდი, ვიცოდი რომ შეცდებოდი, თუმცა მაინც შეგქმენი, მაინც გაჩუქე სიყვარული და სიყვარულმა გიბიძგა შეცდომის ჩადესისკენ.. როგორ არ უნდა მცოდნოდა ყველაფერი წინდაწინ მე ხომ შენი უფალი ვარ.. მაინც შეგქმენი, ვიცოდი რომ შეცდებოდი და ამით ძალიან მაწყენინებდი.. მაგრამ შეგქმენი ჩემს ხატად და სახედ, შეგქმენი და შეცდომების ჩადენა იქცა შენი ცხოვრების წესად.. როცა პირველი შეცდომა ჩაიდინე, ძალინ მინდოდა მეპატიებინა, მე ხომ შენი შემოქმედი ვარ, ძალიან მინდოდა მეპატიებინა, მაგრამ პატიება ვერ შევძელი, რადგან სინანულის მარცვალიც ვერ შევნიშნე შენში, ვცდილობდი სულ პატარა ნაპერწკალი აღმომეჩინა მომანიების, მაგრამ ამაოდ.. და მას შემდეგ შენი მთელი მოდგმა, შენი მთელი მონაგარი ცდილობენ ედემის ბაღის, მარადიულ სიცოცხლის პოვნას.. იბადებიან ამ სურვილით და ბოლოს იმ იმედით კვდებიან რომ ბოლოს და ბოლოს იპოვიან ოდესღაც დაკარგულ სამოთხეს და მარადიულ სიცოცხლეს.. ეძებენ იმას რაც შენ ოდესღაც შენი შეცდომის გამო სამუდამოდ დაკარგე..წახვედი ჩემგან და შეცდომა შენთვის ჩვეულებად იქცა.. რაც დრო გავიდა უფრო და უფრო დამშორდი.. თუმცა შენს მონაგარში აღმოჩნდნენ ისეთებიც რომლებიც ცდილობდნენ შენი შეცდომის გამოსწორებას და ჩემთან მოახლოვებას.. ნელ ნელა მშორდებოდი, ნელ ნელა კარგავდი რწმენას, შენთვის უკვე სიყვარულიც აღარ იყო ისეთი უბიწო როგორიც იქ ჩემთან ედემის ბღში..მიმატოვე მე, შენი შემქმნელი, შენი სულის შთამბერავი, შენ ადამიანო..მიმატოვე და თვალიც არ დაგიხამხამებია..საქმინი გახდი და ჩემთვის იშვიათად იცლიდი.. ჩემთან სიარული ათასმა საქმემ შეგიცვალა, გართობის გემო იგემე და ამით სულ დამშორდი.. არც ცდილობდი ცდუნებისთვის გაგეძლო და სულ უფრო და უფრი იფლობოდი სიამოვნების მორევში, სულ უფრო და უფრო შორდებოდი შენს უფალს.. თუმცა შენ ხომ ადამინი ხარ, ადამინი შეცდომისთვის დაბადებული და მე ყოველთვის გპატიებდი თუ შენ გულით მოინანიებდი შეცდომებს, გპატიებდი მე ხომ შენ უზომოდ მიყვარხარ.. და მაინც მიმატოვე..რისთვის მიმატოვე ადამიანო?...

მე შენთან ვიყავი გუშინ...


\"წუხელ მე შენთან ვიყავი, მაგრამ

შენ არ დამხვდი სახლში,

და შენი სახლიც არსად იყო სადმე ქალაქში

და ის ქალაქიც არსად იყო დედამიწაზე\"

/ბ. ხარანაული/
_ მე შენთან ვიყავი გუშინ... მთელი ქვეყანა მოვიარე, რომ როგორმე მეპოვნა შენი სახე და თბილი ხელები...

_ მე შენთან ვიყავი გუშინ... მთელი ქვეყანა შევაჯერე რომ ჩამეხედა შენს მზიან თვალებში და და იქ ჩემი თავი მეპოვნა...

_ მე შენთან ვიყავი გუშინ... ჯერ ფეხით ვიარე, შემდეგ ნაცრისფერი, თეთრლაქებიანი, უნალო და უუნაგირო ბედაური დამეხმარა ჩემი ოცნების პოვნაში... ძალიან ვჩქარობდი, ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ ჩამხუტებოდი, კიდევ ერთხელ შეერთებულიყო ჩვენი სხეულები... სურვილით ვიწვოდი რომ ჩემს და შენს გულსაც ერთ რიტმში ეძგერათ, ერთმანეთის სიახლოვე შეეგრძნოთ...

_ მე შენთან ვიყავი გუშინ... ჯერ გამომშრალი, დამსკდარი, კუბიკებათ ქცეული მიწა გადავლახე, მერე მთები, კლდეები შემხვდა, შემდეგ კი ღრუბლების მოთეთრო, მოცისფრო, მონაცისფრო მანტიაში გავეხვიე... ღრუბლების მანტიაც რომ გავიხადე წინ მოლურჯო მოშავო უსასრულობა მელოდა... დავიბენი.. მე ხომ შენთან ძალიან მეჩქარებოდა..

_ მე შენთან ვიყავი გუშინ... როგორც იქნა უსასრულობაც დამთავრდა... სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდი, სულ უფრო და უფრო ახლოს ჩამესმოდა შენი სათუთი გულის ძგერა... სულ ახლოს მჭრიდა თვალს შენი ლამაზი სახის ნათება...

_ მე შენთან ვიყავი გუშინ... საშინლად ვჩქარობდი, მინდოდა მომესწრო, მინდოდა სახლში დამხვედროდი, მინდოდა როგორც ყოველთვის თბილი ჩაით და კომშის მურაბით გამმასპინძლებოდი... მერე ჩვეულებისამებრ გვირილების ყანაში წავსულიყავით... მე გვირილების გბირგვინს დაგიწნავდი... გამიჭირდებოდა დაწვნა რადგან უხეში ღერები ექნებოდათ, ისე დავწნავდი რომ შენი სპეტაკი შუბლი არ დაეკაწრათ...

_ მე შენთან ვიყავი გუშინ... მოვდიოდო და ჩვენი შეხვედრის წუთებზე ვოცნებობდი..._ მე შენთან ვიყავი გუშინ... მაგარმ შენ არ დამხვდი სახლში... შენ არც სოფელში იყავი... არც ქალაქში... არც ქვეყანაში.. არც ზღვაში და არც ოკეანეში ჩანდი... შენ არც დედამიწაზე იყავი..ცას ავხედე, იქნებ იქ მაინც დამხვედროდი... იქნებ ცის სიცისფრიდან შემოგენათებინა შენი მშვენიერი თვალები...მაგრამ შენ არც იქ იყავი...დამაგვიანდა...შენი ეზო ისევ მომწვანო იყო... ჩვენი ბაბუაწვერებიც ისევ აქ იყვნენ... გახსოვს სულს რომ ვუბერავდით, ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ...შენ ყველაფერს აკლდი, ძირს დაგდებული ნამცეცა კენჭიც კი განიცდიდა უშენობას...შენ სამყაროს აკლდი...შენ მე მაკლდი...როგორ ვჩქარობდი შენს ჩახუტებას, როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ შევხებოდი შენს თლილ თითებს..როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ მეთქვა შენთვის: მე შენით შევიგრძნობ სამყაროს...როგორ ვჩქარობდი...

_ მე შენთან ვიყავი გუშინ, შენ რომ არ დამხვდი, არც სახლში, არც სოფელში, არც ქალაქში, არც ქვეყანაში, არც ზღვაში, არც დედამიწაზე, ცაში რომ ავიხედე და იქაც ვერ გიპოვნე, საშინელი კაეშანი რომ დაეუფლა მთელს ჩემს შენთან ჩასახუტებლად გამზადებულ სხეულს, უკვე მუქმა, ნაცრისფერმა, სქელმა, ბლანტმა ბინდმა რომ დაფარა ყველაფერი, ჩვენი საყვარელი უკანასკნელი ბაბუაწვერაც რომ მიეფარა თვალს, მუხლები რომ ვეღარ დავიმორჩილე, სწორედ ამ დროს საიდანღაც შენი თავბრუდამხვევი, სანატრელი და სასურველი სურნელი ვიგრძენი და ამ საოცარმა შენმა სურნელმა მთელი ჩემი აცახცახებული სხეულიც უკან გაიყოლა...

_მე შენთან ვიყავი გუშინ, უშენობისგან დაბინდული და გრძნობა დაკარგული, საიდანღაც მოსულ შენს ოცნებისფერ სურნელს რომ გავყევი, თეთრ ძალიან აყვავებულ ხესთან ავღმოჩნდი... შენი სურნელი უფრო მძაფრად შევიგრძენი და მივხვდი იგი ხისგან მოდიოდა... შენმა სურნელმა მთელი ძალით მიმიზედა, თითქოს მივხვდი რომ შენ Gგიპოვე... შენი სურნელი მაინც. აღარსად წასვლა მინდოდა, სამუდამოდ აქ ყოფნის დაოუკებელი სურვილი გამიჩნდა.. სამუდამოდ შენი სურნელის სუნთქვის გაშმაგებული წყურვილი...მე შენთან, შენს სურნელთან დავრჩი... -

_გუშინ შენთან რომ ვიყავი, შენ სახლში არ დამხვდი...

დამაგვიანდა


* * * * *

_ გუშინ შენ გელოდი ჩემო სანუკვარო... შენ არ ჩანდი, ძალიან იგვიანებდი... მე შენი სიახლოვე მწყუროდა, შენი ღიმილი ჩემო სანატრელო...

_ გუშინ შენ გელოდი, შენ იგვიანებდი... ვიჯექი და ვოცნებობდი რომ შემხვდებოდი როგორ ჩამიკრავდნენ შენი ძლიერი ხელები, ჩემი აძგერებული გული როგორ იგრძნობდა შენს აძგერებულ გულისცემას, მერე როგორ შეერწყმებოდნენ და ერთი ძალიან დიდი გული გახდებოდა..

._ გუშინ შენ გელოდი ჩემო ყველავ... შენი საყვარელი კომშის მურაბა ლამბაქზე გელოდებოდა..

_ გუშინ შენ გელოდი და ოცნებით უკვე ჩვენს გვირილების ყანაში ვიყავი..._გუშინ შენ გელოდი, ვცახცახებდი, ვკანკალებდი, სული მეკვროდი შენი ნახვის სურვილით...

_ გუშინ შენ რომ გელოდი, ძილის ანგელოზი მეწვია სტუმრად და მთხოვა სულ ცოტახნით მიმელულა თვალები, სტუმარს უარს ხომ ვერ ვეტყოდი ჩემო სანატრელო და მეც შენს ლოდინად ქცეულმა ცოტახნით მივიძინე...

_ გუშინ შენ რომ გელოდი და მიძინებულს გამომეღვიძა, შენ ისევ არ ჩანდი... მე ისევ ეზოში ვიდექი და თავს უცნაურად ვგრძნობდიმერე შენც მოხვედი... მოხვედი ჩემი მონატრება, ჩემი მოლოდინი, ჩემი ოცნება...

_გუშინ შენ რომ გელოდი და რომ დაგაგვიანდა, მინდოდა სიგიჟემდე ჩაგხუტებოდი... ხოდა დაგინახე თუ არა შენსკენ გამოქცევა დავაპირე, მაგრამ ვერ შევძელი, ერთ ადგილას გავიყინე..ყვირილი მინდოდა, მინდოდა მეღრიალა აქ ვარ ჩემო სიცოცხლევ, მაგრამ ხმის მაგივრად შრიალის მსგავსი ბგერები ამოვიდა ჩემს გამომშრალი ყელიდან... შენც რატომღაც ვერ მცნობდი... დავინახე შენს ციმციმა თვალებში სიხარულის ნაპერწკალი ჩამქრალიყო...სადაც არის მუხლები მოგეკვეთებოდა... მე, ამას ვეღარ გავუძელი და ამოვიოხრე და ჩემს ოხვრას მთელი ჩემი შენდამი მონატრება, შენდამი ჩახუტების სურვილი ამოვაყოლე...შენი სევდიანი თვალების დაკოცვნა მომინდა საშინლად მაგრამ არ შემეძლო...

_ გუშინ შენ გელოდი, მერე გვიან, მაგრამ მაინც რომ მოხვედი, შენი საყვარელი კომშის მურაბა ლამბაქზე გადმოვიღე და ჩემს მოქარგულ, ქათქათა სუფრა გადაფარებულ პატარა მაგიდაზე დავდგი...ჩაიც უკვე დაგისხი ჩემო ოცნებავ, თუმცა გაცივდა, შენ ხომ იგვიანებდი.. მერე გვიან მაგრამ მაინც მოხვედი.. ვერ მიცანი... თუმცა ჩემმა სურნელმა, ჩემმა ამოოხვრას ამოყოლილმა მონატრებამ მაინც მოგიყვანა ჩემთან და ჩამეხუტე... ჩამეხუტე და ჩემთვის კარგად ნაცნობი გულისცემა შემომესმა... ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი, სამი... მერე ერთი, ორი... ერთი, ორი... მერე ერთი, ერთი... სულ გაჩუმდა შენი სანატრელი გული...მე ბედნიერებისგან ვყვაოდი... ჩვენ ჩახუტებულები ვიყავით... ერთმანეთში შეზრდილები... შენ ჩემში იყავი უკვე... ჩვენი ოცნებები ახდა ჩემო სანუკვარო..

_გუშინ შენ გელოდი...

მერე დამეძინა... შენ დაგაგვიანდა....

მაგრამ მაინც ჩაგეხუტე

შენ ჩემი გახდი სამარადისოდ,

კი შენი სამუდამოდ...

გუშინ მე მთელი დღე გელოდი...

შენ დაგაგვიანდა...

* * *

იქ ერთი ხე დგას, მაღალი, თეთრი, ყვავილებიანი...ამ ხეზე სუროა ასული, ხეს შეწებებული, ხეში ჩამკვდარი... ხესთან ჩახუტებული...იქვე ნანგრევები და მომწვანო ბაღია, ბაღში უამრავი ბაბუაწვერაა...

მოვა...

არ მოვა...

მოშორებით ხესავით თეთრი გვირილების ყანა მოჩანს.

პირველი აპრილი


მიყვარხარო მითხრა და ისევ შემომხედა.. მე ისე შემრცხვა თავი დავხარე და თვალებით ასვალტის ღარებს დავუწყე თვლა, მერე ნელ ნელა ავიხედე ზემოთ და თვალი ჩემს ლაქ გაცლილ ფრჩხილებზე გამექცა, ისე კირკიტით დავუწყე თვალიერება თითქოს არასდროს მენახა, ან რაიმე ახალის აღმოჩენას ვაპირებდი ჩემს დაქერცლილ ფრჩხილების მსგავს რაღაცეებზე... რა ვქნა ვერ ვუვლი და ყოველთვის ხელების ზურგს უკან წაღება მიწევს.. მერე როგორღაც ზემოთ ავიხედე და მარტო ორი თვალი დავინახე... დიდი, სევდიანი... თითქოს მსოფლიო სევდას ატარებდა, ეს ორივე სველი წერტილი მე მომშტერებოდა და რაღაცას ელოდა.. ალბათ პასუხს.. 1 აპრილი იყო.. საღამო.. ჩვეულებრივი საღამო, სხვებისთვის ალბათ ძალიან ბანალური, ნარინჯისფერი ცით და სამინდის ფერი მზით შემკობილი, ჩემთვის კი მთელს ჩემს ცხოვრბაში ყველაზე სანაუკვარი, ყველაზე ძვირფასი...
მიყვარხარო ისევ გამიმეორა და მე უკვე ვეღარ შევძელი ჩემი თვალები სადმე წამეღო, სადმე დამემალა, თუნდაც ჩემს მტვრიან ფეხსაცმელებისთვის მეცქირა ან მობილურზე დაკიდული “ბრელოკი” მეწიწკნა... უკვე ამ სევდიანი, სველი თვალების ტყვე ვიყავი.. ჩემს ცისფერ, კიდეებში დახრილ თვალებს უკვე სამუდამოდ შეყვარებოდა ეს უსაზღვროდ სევდიანი თვალები, და მეც მათ უარი ვერ ვუთხარი სიყვარულზე.. ის ალბათ ისევ ელოდა პასუხს...
1 აპრილი იყო... სხვათათვის ბანალური, ჩემთვის უსაყვარლესი გაზაფხული..სამების ტაძრის გასასვლელში უამრავ ხალხს მოყარა თავი, უწმინდესი ილია ლოცავდა საწყმოს.. თავჩაღუნულები და უსაზღვრო მადლის მოლოდინში ცდილობდნენ მოეპოვებინათ პატრიარქის მტევნის შეხება... მეც ჩავდექი რიგში და ცისფერ თავსაფარწაფარებული უწმიდესისი მარჯვენის შეხების მოლოდონით ავივსე..სევდიანი თვალები ჩემგან მოშორებით იყო და არც უცდია მადლის მოპოვება, ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდნენ, ერთი სული ქონდათ ჩემი თვალებისთვის გაემხილათ “მიყვარხარო”თავზე უთბილესი ხელის შეხება და უსაზღვრო მადლი ვიგრძენი.. გავბედე ამეწია თავი და შევხედე მადლიანი მარჯვენა როგორ ეძებდა რაღაცას თუ ვიღაცას... მერე სევდიანი თვალები დავინახე, პატრიარქის ხელის შეხებაზე უფრო წყლიანი რომ გამხდარიყვნენ...არა და ის ჩემგან ძალიან შორს იდგა, უბრალოდ შორს იყო...
მერე მითხრა მიყვარხარო და დაატყვევა ჩემი თვალები... ისინი კიდე უფრო წყლით აივსებულიყვნენ და უკვე გადმოღვრის საშიშროება ელოდათ... ჩემმა ბაგეებმა ჯიუტად ისევ ვერაფერი თქვეს, არადა ის ელოდა პასუხს...თუმცა ჩემს დაუკითხავად ჩემი თვალები ურჩად უხსნიდა რაღაცას ძალიან სევდიან თვალებს.. რომლებიც ისევ წყლიანები იყვნენ...
1აპრილი იყო... ირგვლივ ბევისთვის ბანალური, მაგრამ ჩემთვის წმიდა და სანუკვარი სამების ზარები მღეროდნენ..
მიყვარხარო ხომ მითხრა და ეხლა მონდომებით უსმენდა ჩემს დახრილ თვალებს...1 აპრილი იყო, სხვათათვის ტყუილის, ჩემთვის სიყვარულის და სევდიანი თვალების პოვნის დღე...

ლეგენდა დღე-ღამეზე





ალბათ სულ ცოტამ თუ იცის რომ ყოველ დღეს გამთენიისას და დაღამებისას ხდება საოცარი და ლამაზი მკვლელობა.. ღამე დღის სიცოცხლეს უღებს ბოლოს, მკვდრეთით აღმდგარი ღამე კი დღეს კლავს.. ასეა დაუსრულებლად, მტვრის სუნით გაჟღენთილ საუკუნეების მანძილზე რიჟრაჟი და მწუხრი ერთურთს ხოცავენ.. ეს ერთგვარი წყევლაა გადმონაშთული Dდღეღამის მთლინობის დროიდან.. შეშინებული მეღვიძება, ვგრძნობ სულ რამოდენიმე წუთიღა დარჩა მკვლელობამდე.. მინდა წინ აღვუდგე, შევაჩერო ეს საშინელი მკვლელობა, მაგარმ არ შემიძლია და ეს უფრო მაშინებს.. საცოდავი და შესაბრალისია ყველა ის სულიერი რომლის სურვილებსაც წინ ბუნების გარდაუვალობის კანონი უდგას წინ.. ძალიან ახლობელ და ამავე დროს საოცარად შორეულ ლეგენდად ქცეულა მზისა და მთვარის სიყვარულის ზეციური ამბავი.. ჯერ კიდევ მაშინ როცა დედამიწაზე დღე ღამე არ იყრებოდა და ერთად ტკბილად ცხოვრობდნენ, მათი ქალ ვაჟი მზე და მთვარე ერთმანეთის მიმართ საოცარი ტრფობით გამსჭვალულან.. მზე დღის უმშვენიერესი ქალი ყოფილა, რომელსაც მშობლისგან თვალისმომჭრელი ნათელი დაჰყოლია მემეკვიდრეობით, მთვარე კი ღამის პირბადრი და მუდამ სევდიანი ვაჟი ყოფილა და სიგიჟემდე შეჰყვარებია ცხრათვალა მზე.. მათ სიყვარულს საშინლად გაუცოფებია Dდღე და ღამე, და შეყვარებულები ერთმანეთისთვის დაუშორებიათ.. თან დაუწყევლიათ როცა მზე ამოკაშკაშდება ისედაც სევდიანი მთვარე, უფრო კაეშან მორეული და სატრფოს უნახაობით გულ დამძიმებული ჩადის უკიდეგანო ცის ხვეულებში, როცა მთვარე გამოანათებს ბნელეთს, ცისარტყელას ფერებიან ცრემლ მორეული მტირალი მზე ჩაესვენება სევდისფერ უსასრულობაში.. ასეა მუდამ.. ამ ამბის შემდეგ დღე და ღამე ისე გაბოროტებულან ერთურთი დასახოცავად გაუმეტებიათ და ყოველ დღე ხოცავენ Eერთურთს, თუმცა ბუნების მარადიულობა მათ ისევ სიცოცხლეს უბრუნებს..იშვიათად არის წამები როცა მიჯნური მნათობები ერთდროულად ამშვენებს ცის უკიდეგანობას, სწორედ მაშინ ისინი ისეთი ბედნიერები არიან რომ მთელ ქვეყნიერებას სიყვარულის გამჭვირვალე და საოცრად ცისფერ ცრემლებს აფრქვევენ.. ამ დროს თურმე ყველა მოკვდავს უმართლებს სიყვარულში.. ხოლო მას ვისაც ეს ცის მნათობთა საოცარი ცრემლი დაეპკურება ბედკრული შეყვარებულებისგან საჩუქრად - მარადიული, ბედნიერი და მათსავით სპეტაკი სიყვარული ხვდებათ წილად.. გათენდა. გამეღვიძა.. ავხედე უსაზღვროდ ფერად ცას, ოქროზე ოქროსფერი მზე ამოკაშკაშებულიყო უკვე.. ცისარტყელას ფერიანი ცრემლი შევნიშნე მის გავარვარებულ, აწითლებულ ღაწვზე, თავის სევდიანი სატრფოს კოცნა თუ მოენატრა ცის მზეთუნახავს..

მე ცოცხალი ვარ!


მე ცოცხალი ვარ... მაქვს ხორცი, ძვლები, კანი, ნაოჭები, ქოლესტერინი, ხრტილები, ძარღვები რომელშიც ჩემი სქელი, ბლანტი და შავი სისხლი მიკვლევს გზას, კაცმა არ იცის საით გაუწევია ან რა მისიის შესრულება აქვს დავალებული ბუნების ძალებისგან, ისიც არავინ უწყის რა ხეირს აძლევს ისეთ არსებას, რომ აცოცხლებს, როგორიც მე ვარ.ჩემი ძარღვები აშკარად ცისფერია, ჩემი კი არა, მგონი ადამიანთა მოდგმის 99%ის, (იმ ერთ პროცენტს ძარღვები ან საერთოდ არა აქვს, ან აქვს და ფერი მაინც და მაინც არ ემჩნევა), ხოდა მიკვირს \"ცისფერს\" რატომ ეძახიან \"ცისფერს\" და არა ძარღვისფერს...მთელ ჩემს ფეხებს, გამხმარი, დაფუღურავებული, ხის ტოტებივით მიუყვება ცისფერი თუ ძარღვისფერი ძარღვები (ისიც მაფიქრებს ძარღვი რატომ ქვია? და არა მაგალითად სისხლის ბილიკი ან სისხლის კალაპოტი) და თეთრ კანზე ლაქებივით ეტყობა... ზოგგან ამობურცულა თავისუფლება თუ მოსწყურებია რომელიმე თავნება ძარღვს.მე ცოცხალი ვარ...ვჭამ, ვსვამ, ფრჩხილები და თმა მეზრდება, მიჭაღარავდება, მითხელდება O(თუმცა ეს ორი რაღაც მიცვალებულსაც ეზრდება).ვცოცხლობ..ღამით თბილ, ბამბაზიის მზისფერ ყვავილებიან პერანგს ვიცვამ (ამ ბოლო დროს ძლიერი ყინვები დაიჭირა), გრელკაში ცხელ წყალს ვასხამ და დასაწოლად ვემზადები, ჯერ ერთ საბანს ვიფარებ, მერე მეორეს, ზემოდან კი ადიელას...ვიძინებძილში უფრო თბილი, უფრო კარგია და გაღვიძება აღარ მინდადილით ცივა, სუსხი ძვალსა და რბილში ატანს. მარშუტკას 45 წუთი ველოდები და ნამდვილ ყინულის ლოლოდ ვიქცევი.ე/ი/ მე ცოცხალი ვარ.დაბალჭერიან მარშუტკაში ფეხზე მიწევს დგომა, იქ მყოფი ადამიანების ოხშივარს და ამოსუნთქვას ხარბად ვისუნთქავ...ცოცხალი ვარ.მიტინგზე ვდგავარ და ვაპროტესტებ, უსამართლობას, არჩევნებუს გაყალბებას და თითქმის ყველაფერს, ვყვირივარ სხვებთან ერთად. ჩემი აბღავლებული ხმა, რომ მესმის კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომცოცხალი ვარ.ახალი წელი მოდის და ისევ მახსენებს სიცოცხლე თავს, თურმე არც საცივი მაწყენდა და არც გოზინაყი, თუმცა მე ძალიან ჯიუტი ვარ, სიცოცხლეს ყურს ვუყრუებ და ახალ წელს არ ვხვდები, ყურებში ბამბას ვიცობ (რომ აბეზარმა ფეიერვერკებმა და ატუტუცებული, სიცოცხლის მოყვარული ხალხის ყიჟინამ არ შემაწუხოს) და ჩემს ოდესღაც წითელ ახლა კი ხმარებისგან ფერდაკარგულ გრელკასთან ჩახუტებული ვიძინებ...ცოცხალი ვარვითომ?რაღაც არ მგონიადა რა არის სიცოცხლე?რიტორიკული და ბანალური კითხვაიქნებ სიცოცხლე სიკვდილისთვის მზადებაა?რელიგიური პასუხიიქნებ სიცოცხლე საერთოდ არ არსებოს და ჩვენ ადამიანებს გვგონია რომ ცოცხლები ვართ?აბსურდის თეატრი..მერე მოვკვდებიალბათ მაშინ უკვე თამამად ვიტყვი რომ მე მკვდარი ვარ...რადგან,ჩემი ფრთამალი და გამჭვირვალეზე უფრო გფამჭვირვალე სული განეცლება ჩემს ცოდვილ სხეულს.რადგან,გალაკულ ან თუნდაც გაულაკავ კუბოში მიმიჩენენ უკანასკნელ სარეცელს.რადგან,დამასაფლავებენ.რადგან,ღამით ვეღარ გამათბობს გრელკა და ძილიც აღარ იქნება თბილი და ტკბილი, ან საერთოდ აღარ იარსებებს ძილი.თუმცა,ყველაფერი ხომ ილუზიაა და მოჩვენებააო, იტყოდა ვიღაც რომელსაც ჰგონია რომ ორიგინალურად აზროვნებს და გამორჩეული ინდივიდია.თუმცა,იქნებ სიცოცხლე სწორედაც სიკვდილის მერე იწყებაო, დასვამდა ვიღაც პასუხგაუცემელ კითხვას საკმაოდ მისტიური გამომეტყველებით.თუმცა,თავი დავანებოთ ბატონებო რიტორიკას,მე ცოცხალი ვარ!

ცეცხლისფერი

შემოდგომით ხეებზე ფოთლებს რა ემართებათ ხომ გახსოვთ? ზოგიერთი მათგანი ცეცხლის ფერნი ხდებიან, აი ზუსტად ასეთი ფერის, ცეცხლის ალის ფერი თმა ქონდა, ოღონდ ეხლა კი არა, მაშინ დაახლოებით 20, შეიძლება 30 წლის წინათაც.მაშინ რაღაცნაირი სხვანაირი დრო იყო, არა დრო კი არა ადამიანები.. დრო ყოველთვის ერთია, მაგრამ რატომღაც ასე ვეძახით - სხვანაირი დროვო.. მაშინ გამოყვანილი, მუხლის ქვემოთ სიგრძის, დიდბალთიანი ქამრებით და გულისპირთან ოდნავ შეხსნილი კაბები იყო მოდაში, მინდვრის ყვავილებით და ბაღის ვარდებით მოხატული.. თმები უკან კეფაზე ქონდათ დამაგრებული და სახეს მუდამ მომღიმარი ბაგე უმშვენებდათ.. ცეცხლისფერი თმა ქონდა და ისიც როგორც ყველა სხვა თმას უკან ბულულად იკრავდა. ადამიანის ცხოვრებაში გახაფხულს ზაფხული ცვლის, ზაფხულს შემოდგომა, შემოდგომას ზამთარი, ხოდა მისი თმაც ჩალისფერიდან ჯერ ალისფერი გახდა მერე კი თეთრი, თოვლივით თეთრი. ასე მოადგა სიბერე.. ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში სულ რაღაც ერთი ბიჯიღა დარჩენოდა, ეს ნაბიჯიც მშვიდად გადადგა, თან მხოლოდ ვარდებიანი, წელში გამოყვანილი კაბა, კბილ მოტეხილი, პატარა მწვანე სავარცხელი, ვერცხლისფერი სარკე და საყვარელი წიგნი, უცნობი ავტორის “ფიქრის გორა” წაიღო. Kკიდევ დაბალქუსლანი, შელახული შავი ფეხსაცმელი და შავი გიშრის ბეჭედი. Dდიდი პატივი სცეს: _ საფლავის ქვა გაუკეთეს, ისეთი რომ სალაპარაკო არ გამხდარიყო-ქვაც არ გაიმეტესო.. დიდი შავი ზემოთ წაჭრილ ქვაზე ფერადი ფოტო იყო გამოსახული, ფოტო 20 წლის წინ ქონდა გადაღებული და მოცეცხლისფრო-მოსისხლისფრო თმა ამშვენებდა. იქ როგორც ელოდა ამ რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი მამიდაშვილი შეეგება, ცრემლი დაღვარეს, გადაეხვივნენ, მოიკითხეს, ამქვეყნის და იმქვეყნის ამბები უამბეს ერთმანეთს. Mმერე ცხოვრება იქაც ჩვეულებრივად გაგრძელდა, განსხვავება ის იყო რომ მიწადაც ღრუბელი ქონდა და ცადაც.
ამ ყოფასაც მალე შეეჩვია, თეთრი წელამდე თმით, კოჭებამდე თეთრი პერანგით თითქმის ყოველდღე უწევდა შეგებება ამ ქვეყნიდან გამგზავრებულ დაბნეული სულებთან, მათ აბინავებდა, ამ ქვეყნის ამბებს ისმენდა, თავისას უამბობდა, ამშვიდებდა და მერე ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი.. დროც ასე თუ ისე მალე გადიოდა.. საკუთარ ნათესავებს, მეგობრებს, შვილებს მარადიული სამყოფელის პოვნაში ეხმარებოდა, ამშვიდებდა მშფოთვარე სულებს.. ზოგჯერ ისეც ხდებოდა რომ საერთოდ უცნობ სულებსაც უწევდა მეგზურობას იქაურ სამფლობელოში.. ასეთ სულებს იმ ქვეყნად არავინ არ ელოდა და პატრონობას უწევდა.. საკუთარი ოჯახ-ჯალაბობა, ნათესავობა, მეგობარ-ნაცნობობა რომ დააბინავა, უსაქმოდ დარჩა, თავს თოვლივით თეთრი შალების ქსოვით ირთობდა. Nნელნელა სევდა ერეოდა, ვერ ხვდებოდა რომ ეს ქვეყანა მონატრებოდა, ფეხQქვეშ მიწის შეგრძნების დაოუკებელი სურვილი გასჩენოდა.…
… * * * ღრუბლები როცა თოვლივით თეთრად მოჩანდნენ და მთელ ცაზე გაწოლილიყვნენ - შემოდგომა იდგა, ხეები შიშვლდებოდნენ, Fფოთლები მიწას ადნებოდნენ და ამ ქვეყანას კიდევ ერთი გოგონა ევლინებოდა.. გოგონა ისეთი ლამაზი, ისეთი სისხლისფერი თმით დაიბადა, ყველას უკვირდა..შემოდგომით ხეებზე ფოთლებს რა ემართებათ ხომ გახსოვთ? ზოგიერთი მათგანი რატომღაც ცეცხლის ფერნი ხდებიან, აი ზუსტად ასეთი ფერის, ცეცხლის ალის ფერი თმა ქონია, ღრუბლებიდან კი ისეთი ნათელი ჩამოდიოდა, მათი სითეთრე და სისპეტაკე თვალს ჭრიდა კაცს.


უსათაურო



რამდენი ქათამი იარსებებდა ქვეყანაზე ადამიანებმა რომ კვერცხის გემო არ იცოდნენ და ყველა კვერცხიდან ყვითელგულა წიწილები იჩეკებოდნენ... რამდენი ადამიანი იარსებებდა ქვეყანაზე ყველა ის ნაყოფი რომ იბადებოდეს რომლიც კი ოდესმა ჩასახულა ან ჩაისახება...რამდენი ბავშვი იარსებებდა ქვეყანაზე ადამანი რომ არ იზრდებოდეს და სულ ბავშვად რჩებოდეს..ოდესღაც როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი... არა ადამიანი კი არა ბავშვი შეუქმნავს, პატარა უმწიკვლო ბავშვი, ოქროსფერი თმით და ბროწეულისფერი ლოყებით, უფლისგან უზარმაზარი საჩუქარი მიუღია მარადიული ბავშვობა, ვერ მოფრთხილებია ბავშვი საჩუქარს, ღმერთს იგი წაურთმევია და სანაცვლოდ გაზრდა უსახსოვრია.. ბავშვობა დაკარგულ გაზრდილი ბავშვისთვის უფალს ადამი უწოდებია, შემდეგ მისი ნეკნისგან ევაც შეუქმნავს, და მერე...
მერე _ ცთუნება
მერე _ გამოძევება, სამარადისო ბედნიერების დაკარგვა
მერე _ ცხოვრება
მერე _ სიკვდილი
მერე _ შთამომავლობა
მერე _ შური
მერე _ ბოღმა
მერე _ განცხრომა
მერე _ სიამოვნება
მერე _ ცოდვა
მერე _ სინანული
მერე _ ომი
მერე _ ბოროტება
მერე _ ავადმყოფობა
მერე _ კიდევ სიკვდილი
მერე _ დანაშაული
მერე _ პასუხისგება
ერე _ სიყვარული
მერე – ქორწინება
მერე _ შვილები
მერე _ ცოდვა, დიდი ცოდა, ეკლესია სანთელი მონანიება..მერე _ კიდევ ცოდვა ისევ სინანულიყველა მოკვდავის გაუაზრებელი, ქვეცნობიერი სინანული:მარადიული ბავშვობის, სამარადისო ბედნიერების დაკარგვის მარადიული წუხილი..ყველა მოკვდავის ჩუმი, მინაპერწკლებული იმედი: სიკვდილის შემდეგ მარადიული ბავშვობის პოვნა.სიკვდილი უბრალო შარა გზა, საცალფეხო, ბეწვის ხიდი ყოფილა გაკიდებული ამ ქვეყანასა და მარადიული ბავშვობის ქვეყანას შორის..ამ ქვეყნის ცხოვრება უბრალო მზადებაა იმ ქვეყნის დასაბრუნებლად ოდესღაც რომ დავკარგეთ..ყველაზე სუფთა და სპეტაკი ბავშვია, ანგელოზის დარი..
რამდენი ადამიანი იარსებებდა ქვეყანაზე ყველა ის ნაყოფი რომ იბადებოდეს რომლიც კი ოდესმა ჩასახულა ან ჩაისახება...

ნოემბრის წვიმა, მოხეტიალე მოგონებები და 131 ნომერი მარშუტკა



როგორც ყოველთვის ეხლაც ჟრუანტელის მომგვრელად და საოცრად მოულოდნელად 131 ნომერ მარშუტკის სულ უკანა სკამზე მეწვია მოგონებათა ფერადი და ხმაურიანი ქარავანი და ჩემი სული აავსო ათასნაირი ხმებით, სურნელებებით და ფერებით.. ყველაფერს თავის სუნი აქვს, ყველაფერი თავის სურნელით მამახსოვრდება, კიდე მამახსოვრდება ფერებით, მუქი და ღია, წითელ ყვითელ, და შავ თეთრი ფერებით.. გზა გრძელი იყო და საკმაო დრო Eმქონდა სტუმარად მობრძანებულიA მოგონებები შესაფერისად მიმეღო და გავმასპინძლებოდი.. გარეთ ნოემბრის ცივი ქარი უბერევდა და წვიმის გზაარეულ წვეთებს აქა-იქა ასხავდა ფორდის კარგათ შესარემონტებელ ლურჯ მარშუტკას.. მოკლედ ამინდიც შესაფერისი იყო, რომ მეც და ჩემს მოგონებებსაც კარგად გვეგრძნო თავი და სულ ცოტა ხნით მოვწყვეტილიყავით რეალობის კლანჭებს, ულვაშგადაგრეხილ მძღოლს, მომაბეზრებელ საცობებს და ჩემს წინ მჯდარი ორი გადაპრანჭული დაქალის გაწელილი საუბრის “ვინუჟდენში” მოსმენას.. სული მეწვრილმანე მოხუცს გავს, ყველა წვრილმანს რომ ინახავს ჭირდება თუ არა, ძაფის ნაწყვეტებს, ბანბანერკის ყვავილიან თავსაფარებს, გაზეთებიდან ამოჭრილ Fსამკურნალო რჩევებს.. ინახავენ და თავი ყველაზე მდიდარი გონიათ, მერე კვდებიან და მათ მონაგარს ნაგავში უკრავენ ხოლმე თავს. მივჯექი მარშუტკის კუთხეში დაორთქლილ მინას მივაჭყლიტე ცხვირი და ჩავიძირე მოგონებების დახავსულ სიღრმეში.. სულის სიღრმიდან ამოტივტივდა დიდი ხნის მივიწყებული, სიძველისაგან ფერდაკარგული და ობმოდებული ჩემი ცხოვრების ნოველები. მოგონებების ქარავანმა ფლოქვების თქარათქურით ჩამიქროლა და მეც უკან გავედევნე.. წამის უსწრაფესად გაირბინა თბილისის ჭუჭყიან ქუჩებში მოხეტიალე წყვილებმა, მოჩახჩახე ლამპიონებმა, ფერადმა სახლებმა, საარჩევნო პლაკატებმა, თმა შეღებილი ქურთი მათხოვარი ბავშვების გამოწვდილმა ხელებმა, სამების ტაძრის სილუეტმა, ნაირნაირი ნახატებით მოფენილმა რუსთაველის გამზირმა, ფილარმონიასთან მოცეკვავე შადრევანმა, რომელიც ნოემბრის ცივ საღამოს ნაღვლიანად ცეკვავდა, და ბოლოს დიღომში გადაბრძანებულმა დავით აღმაშენებლის ზვიადმა ქანდაკებამ.. ჩამიქროლა სოფლის ალისფერმა ბუხარმა და ცივმა ზამთარმა.. არც ერთ მათგანზე არ შეჩერებულა ჩემი მოგონებებში თავით გადაშვებული გონება.. ველოდი იმ მოგონებებს რომელიც ყოველთვის პირველად ამოტივტივდება და ბავშვის პატარა ხელებით გაკეთებულ ქაღალდის უსწორმასწორო ნავივით ტივტივებს ხოლმე.. ისეთი მოგონებები რომელიც ჩემს რეალურ, ამჟამინდელ ცხოვრებაში არასდროს არ მომხდარა მაგრამ მათი მოგონება და გახსენება ჩემს ყველაზე საყვარელი საქმედ ქცეულა.. ეს ბუნდოვანი და დრო დაკარგული მოგონებები ჩემს სულში თუ ჩარჩა ან გადმჰოყვა წინა ცხოვრებიდან, ან იქიდან როცა ის მხოლოდ და მხოლოდ შიშველი, უსხეულო, მსუბუქი სული იყო და თავისუფლად დანავარდობდა მარადისობის მიუწვდომელ წიაღებში.. გასცდა მოგონებების უსწრაფესი ქარავანი დროის და სივრცის საზღვრებს, ყოფიერების და არსებობის ილიზიურ ჩარჩოებს.. თუმცა შეიძლება არც გასცდა და იქვე გვერდით, ახლოს ჩაიმუხლა.. სადღაც იქ ან სულაც აქ შემოდგომის ფოთლების ფერების გასაოცარი პალიტრაა წითელი ყვითელი ალისფერი.. მერე ისევ წითელი ყვითელი, ისევ ალისფერი და ასე გამუდმებით.. იქვე ბაღია სადაც ოქროსფერი სკამები დგას და ოქრისფერი ფოთლები ცვივა, ქვიშაც ოქროსფერია, ოქროსფერ ქვიშაში ოქროსფერი ბავშვები თამაშობენ ოქროსფერი ნიჩბებით და ოქროსფერი ღიმილით, მათი მშობლებიც ოქროსფერები არიან და ოქროსფერი პალტოები აცვიათ.. ცა ძალიან ცისფერია ისეთი ცისფერი რომ ასეთი ცისფერი ალბათ არ არსებობს არსად, ღრუბლბი ისეთი გამჭვირვალეები არიან სარკმელებივით ემჩნევიან ძალიან ცისფერ ცას.. ძალიან ცისფერი Aცის სარკმელებში ძალიან თეთრი ფერიები ძალიან ოქროსფერ ფრთებს უქნევენ უბრალოდ ოქროსფერ ბავშვებს.. ირგვლივ ყავისფერი შკოლადის მადის მომგვრელი სუნი დგას და ისევ საოცრად ოქროსფერი ზანზალაკების სულში ჩამწვდომი ხმა ისმის.. ყველაფერი ისეა თითქოს არც არსებობს მაგრამ მაინც ძალიან რეალური და სასურველია.. ბუნდოვნად მახსენდება, როგორ მიყვარდა ამ ოქროსფერ ბაღში ოქროსფერ ქვიშაში ოქროსფერი ნიჩბით თამაში.. მეც ოქროსფერი ვიყავი მაშინ, თუმცა ეს როდის იყო ან იყო თუ არა ვერ ვიხსენებ.. მახსენდება ნაწყვეტ ნაწყვეტად, მახსენდება შეგრძნებები.. თითქმის მთელი ცხოვრების ტოლი დრო გავიდა რაც ამ ბაღში ვთამაშობდი, მაგრამ მარადისობაც ხო მთავრდება სადღაც და ჩემს ამ ოქროსფერ ცხოვრებასაც დასასრული ელოდა წინ.. თუმცა მართალი Gგითხრათ ვერ ვიხსენებ ჩემი იყო ეს ცხოვრება თუ ვინმე სხვის გზააბნეული მოგონება შემოეხეტა ჩემს ისედაც აწეწილ სულში.. მაგრამ მაინც რატომღაც შევიგრძნობ რომ ეს ჩემია.. არ მახსოვს ფაქტები, მახსოვს შეგრნებები.. ოქროსფერი ბაღის მერე იყო გამჭვირვალე სიშავე.. თავბრუდამხვევი ტრიალი და უცებ სულ სხვა ადგილი რომელიც ორად იყო გახლეჩილი.. ზემოთა ნაწილი თითქოს ცისფერი იყო ისევ ისე როგორც იქ ოქროსფერ სამყაროში, მაგრამ თითქოს რაღაც სიშავე, თუ სიმუქე დაჰკრავდა, მერე როგორც მივხვდი ნაცრისფერი ყოფილა.. ქვემოთა ნაწილიში კი უამრავ ფერს მოეყარა თავი, ეს ფერები არასდროს არ მქონდა ნანახი და გაკვირვებული ვცდილობდი გავრკვეულიყავი..E უცებ მომინდა ხელით შევხებულიყავი ჩემს სხეულს მაგრამ ჩემი ხელის ნაცვლად ხელი რაგაც ჰაერის გამჭვირვალე მასაში შევყავი, შემეშინდა.. მივხვდი რომ არ ვარსებობდი.. ან ვარსებობდი მაგრამ ჩემი ოქროსფერი სხეული დამკარგვოდა.. Eშევიგრძენი ტირილის მონდომების შეგრძნება და ავტირდი უცრემლოდ.. ამაზე საშინელება არაფერი ყოფილა როცა ძალიან გინდა ცრემლები წამოგივიდეს მაგრამ არ გაქვს.. უცებ ამ სამყაროს ზემოთა ჯერ ცისფერ და ეხლა საკმაოდ დამუქებულ ნაწილიდან წყალი გადმოცვივდა წვეთ წვეთად.. კარგად დავაკვირდი და ცრემლების გავდნენ წვეთები.. ალბათ ვიღაცამ ჩემსავით მოიწყინა და ტიროდა, თუმცა ჩემგან განსხვავებით ბედნიერს ცრემლები ქონდა.. მართლა შემშურდა მისი.. მერე ჩემი გამჭვირვალე და არარსებული სახე შევუშვირე და მისი ცრემლები მივითვისე.. მოპარული ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა.. როგორც იქნა დავმშვიდდი.. რაღაც საოცარი დაღლილობა შევიგრძენი. . სახლში, ჩემს ოქროსფერ სახლში მინდა..
_ გამარჯობა გამჭვირვალევ
მომესმა რაღაც ძალიან ნაცნობი წკრიალა ხმა, რომელიც ზემოდან მოდიოდა და ძირს იღვრებოდა.. დაბნეულად მიმოვიხედე, ირგვლივ არავინ იყო, ზემოთა ნაწილიდან კი ისევ ცვიოდა ცრემლები.. ძებნა დავუწყე ხმას.. _ ეს მე ვარ, წვიმა..
შემომესმა ისევ რაღაცნაირად სველი ხმა და მივხვდი ცრემლები მელაპარაკებოდა..
_ გამარჯობა წვიმავ, მე ოქროსფერი ვარ, შენ ვინ ხარ? რატომ ტირი?_ რაც თავი მახსოვს ვწვიმვარ და ვტირი.. ჩემს ყოველ წვეთში სხვადასხვა სამყაროებია დანთქმული, რომლებიც იქამდე ცხოვრობენ სანამ ცის სარკმელიდან წამოსული მიწის წიაღეში არ გავიწოვები,… არ შევეწოვები ხეებს ფესვებში, მზისგან გამომომხმარ მიწას არ მოვათქმევინებ სულს, სანამ ვიღაც არ იტყვის: დაილოცე შე მადლიანო უფლის ცრემლოო.. ჩემს წვეთებში დანთქმული სამყაროებიც ეწოვებიან ხეებს ფესვებში, ჩემთან ერთად ეშხაპუნებიან ძველ კრამიტებს, ფერად ქოლგებს ესხმიან თავს, ასვალტს ასველებენ, სიმინდს ტაროს უმსხვულებენ, საქონელს აწყურებენ.. ყველა მოკვდავის და არამოკვდავის, შენიც, ჩემი სამყაროებიც ჩემს ცრემლებშია მოქცეული, რომლებიც ზოგჯერ იმსხვრევიან უბრალოდ, ზოგჯერ ახალ სიცოცხლეში, ახალ არსებაში იდებენ ბინას.. ვის როგორი სამყარო აქვს იმის მიხედვით.. და ვტირი ამიტომ, მენენება ოცნებებით ნაკოწიწები და ნალოლიავები სამყაროების დამსხვრევა.. შენ ოქროსფერო, მომიყევი შენზე, საიდან მოხვედი, სად დაკარგე შენი ოქროსფერობა და რატო გაიმჭვირვლე?
უფრო ძალიან ატირდა წვიმა და მეც უფრო მოვუმატე წვიმის ცრემლების ქურდობას..
_ ოდესღაც მეც მქონდა ჩემი ოქროსფერი სამყარო.. მე ოქროსფერი ბაღის ოქროსფრ ნიჩბიანი ოქროსფერი ვარ.. ჩვენთან ყველაფერი ოქროსფერია ქვიშაც კი.. ცა ძალიან ცისფერია და ღრუბლებიც ძალიან გამჭვირვალე.. ჩვენთან ალისფერ ყვავილის დიადემიანი ფერიები ცხოვრებენ და ძალიან ოქროსფერ ფრთები აქვთ. კიდევ ძალიან ყავისფერი შოკოლადის სუნი დგას.. ყოველ Dდღე ვთამაშობდი ჩემს ოქროსფერ ბაღში და ვიყავი ისეთი ბედნიერი, რომ ხანდახან ბედნიერებისგან სული მეკვროდა ხოლმე, მაგრამ ერთ დღესაც.. არაფერი არ მახსოვს აქ როგორ მოვხვდი, არც ის ვიცი ეს რა ადგილია, ან ვის სამყაროში ვარ.. ალბათ ჩემი ოქროსფერი სამყაროც, შენს წვეთში თუ არსებობდა და დაიმსხვრა.. თუმცა მე რაღაცნაირად ამოვვარდი.. რათ მინდა სიცოცხლე როცა ჩემი ოქროსფერობა დავკარგე.. ავტირდი გულიანად და ხმამაღლა, წვიმამაც უფრო მოუმატა წკაპაწკუპს.. _ საწყალო ოქროსფერო.. მე დაგეხმარები.. შეიძლება ვერ დაგიბრუნო შენი ოქროსფერი სამყარო მაგრამ, ვნახავ რა მაქვს შენთვის.. მექნება რაიმე, გადანახული უპატრონო სამყარო და გაჩუქებ.. გამჭვირვალე მაინც აღარ იქნები და რაიმე ფერს მოგიძებნი.. დახუჭე თვალები..
ისევ საცობში ვდგევართ.. მარშუტკაში დახუთული ჰაერია.. ვიღაც ქალმა იკივლა უცებ: ,,ღმერთი არ გწამთ ვიღაცამ გააღოს ფანჯარა..”როგორც იქნა გავაღწიეთ საცობს.. ისევ გადაუღებლად წვიმს, ქოლგა კი არ მაქვს.. არ მიყვარს ქოლგის ტარება, მგონია წვიმას ვუშლი ჩემთან სიახლოვეს.. მგონია ბუნების კანონს ვარღვევ.. _ გადასასვლელთან გამიჩერეთ გავძახე ხმამაღლა ულვაშგადაგრეხილ მძღოლს, თავზე მოვისხი ჩემი უსაყვარლესი ძალიანAოქროსფერი შარფი, ჩამოვედი შესარემონტებელი მარშუტკიდან, ავხედე ცისფერ ცას და ღმერთს მადლობა შევწირე რომ წვიმდა..