
შენი გული
როგორც იქნა, მოვიკრიფე გამდეობა, გამოვნეხე სულ პატარა დროის მონაკვეთი, ამ უსასრულო და მოსაბეზრებლად გაწელილ დროში, დავჯექი ჩემს ლევტოპთან, გავხსენი ვორდის ფაილი, შრიფტი გადავიყვანე აკადნუსხურში, მოვიმარჯვე თითები კლავიატურაზე საწკაპუნოდ და ავკრიფე სიტყვა: “ როგორც იქნა.”. და გავჩერდი..
Uუნდა მოვასწრო რვა საათამდე რამის დაწერა, (უსასრულოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია) რვა საათზე “ჩემი სერიალი” იწყება, ბოლო სერიაა სადაც არის დამთავრედება, კვანძები იხსნება და რომ არ ვუყურო ხომ დანაშაულის ტოლფასი იქნება? ასოთხმოცდაჩვიდმეტ სერიას ტყუილად ვუყურე? ხოდა სანამ სერიალი დაწყებულა, (თანაც ბრაზილიური) უნდა მოვასწრო და დავწერო:
რომ: საკუთარ ცხოვრებას მირჩევნიხარ..
მინდა შენი ცხოვრებით, შენი სურვილებით, შენი ოცნებებით ვიცხოვრო, მინდა შენი ფილტვებით შევისუნთქო ჰაერი, ჩემი გული გიცემდეს და შენი ლამაზი თვალებით ვხედავდე ამ მოწყენილ სამყაროს.
რომ: გული ყოველთვის აჩქარებული მაქვს, ყოველთვის გამალებით მიცემს, ექიმმა ერთხელ გაკვირვებულმა მითხრა ასეთი აჩქარებული გულით როგორ ცხოვრობ ამ მდორე სამყაროშიო, თუმცა ექიმმა ხომ არ იცის რომ მე აქ არ ვცხოვრობ, აქ მხოლოდ ვარსებობ, მე ზემოთ ვცხოვრობ იქ , ზესკნელში ბაჯაღლოსფერ სამყაროში.
აი, ეხლაც ყურში ჩამესმის ჩემი გულის გამალებული ცემა და ბრაგი-ბრუგი, ნეტა მართლა სად ეჩქარება? ალბათ ერთი სული აქვს დავტოვოთ ეს დროებითი საცხოვრისი და ჩვენს მუდმივ ბაჯაღლოსფერეთში დავბრუნდეთ მე და ჩემი აჩქარებული გულისცემა, ისიც ჩქარობს თავისი გასაკეთებელი ხომ უნდა მოასწროს? რას იზამ გულია ადამიანი ხომ არა.
რომ: მინდა შენც თან წაგიყვანო, მაგრამ ვერ წაგიყვან, ეგოისტი ხომ არ ვარ? თეკლას და ჩვენს დღიურებს პატრონი ხომ უნდათ?
აქ, ამ მოწყენილ სამყაროში.
რომ: თმებს ვიზრდი, მინდა იმ სიგრძე გავიზარდო, რომ მერე როდესაც მე წავალ ბაჯაღლოსფერეთში და როცა ძალიან, ძალიან შემაწუხებს, გამაწვალებს და სიკვდილამდე შემძრავს შენი მონატრება დავიწნა გრძელი, გრძელი თაგვისფერი ნაწნავი და ჩამოვუშვა ამ სევდიანეთში, შენ კი ჩემს თმაზე ამოცოცდები და ჩემთან გაჩნდები, იქამდე იქნები ჩემთან, სანამ ბოროტი დედაბერი არ დაგვინახავს და თმას არ შემკვეცს, აი, მერე კი ალბათ სამუდამოდ დაგკარგავ..
მერე ჩემი სხეულის ყველა ორგანო, ყველა უჯრედი ერთად გადაწყვეტს ტირილს და იქამდე იტირებენ სანამ ცრემლებად არ დაიცლება ჩემი სხეული და მეც არ დავილევი, იქამდე სანამ, მარტო ისევ ისე გამალებით მფეთქავი გულიღა არ დავრჩები..
მერე შენ ჩემი დაკარგვით გაგიჟებულს სასო და ყველა სიხარულ წარკვეთილს, შენი სათუთი გული ვეღარ შეძლებს ფეთქვას და შეისვენებს..
მერე თეთრი ექიმი იმ გამალებით მფეთქავ გულს გადამოგინერგავს ჩემგან რომ დარჩა მხოლოდ..
მე ჩავსახლდები შენში.. და ერთად გავაგრძელებთ ფეთქვას, მერე ისევ ის ექიმი ჩემი გულის ფეთქვა რომ უკვირდა ყოველთვის გეტყვის, რომ ძალიან გამალებით გიფეთქავს გული, მერე შენ ეტყვი რომ ეს მე ვფეთქავ, შენი სიყვარულით დაცრემლილი და შენში გულად გადმონერგილი..
ექიმს გაეღიმება და თავს გაიქნევს..
რომ: მე და ჩემი გული უკვე დავბრუნდით ბაჯაღლოსფერეთში, შენში..
რომ: ამიხდა ოცნება, ჩემი გული შენით ფეთქავს, შენი ტკივილი სტკივა და შენი ცრემლებით ტირის და შენს მკერდთან საოცრად ახლოს ვცხოვრობ..
რომ: შიში არ მასვენებს, ვაითუ შენმა გულმა, დაცრემლილმა და დაღვენთილმა, მარტო მფეთქავ გულად დარჩენულმა და შენს სხეულში ბინა დადებულმა მემ, გამალებით ცემა არ დაიწყოს, ჟრუანტელმა არ დაუაროს და სხვა სიყვარული არ იგრძნოს, სხვა თვალები არ შეიყვაროს, სხვის გულისცემას არ დაუწყოს ყურისგდება.. და მერე საერთოდ არ დაივიწყოს შენთვის დაცრემლილი მე.
თუმცა
შენი გული
შენი ისეთი ერთგულია
შენ ისე უყვარხარ
ისე გაღმერთებს
რომ
ის
მაინც
შენში
თავის ბაჯაღლოსფერეთში დარჩება
და გამალებით განაგრძბობს ფეთქვას…
იქამდე
სანამ
შენ გექნება ამის სურვილი..
მერე კი
მაინც არ დაგტოვებს
და შენთან ერთად
გაემგზავრება ქვესკნეთში, სადაც სიკვდილი სუფევს და სხვა არაფერი.
რვა საათი გახდა, ჩემი სერიალი დაიწყო, ბოლო სერიაა _ ქორწინდებიან.