среда, 28 января 2009 г.

კიდევ ერთი უ-სათაურო და უ-პროლოგო


* * *
“ფიფქიას ჩავარდნილი თვალი” და “წითელჩექმება კარლსონი”


ისე დამზაფრა ამ ამბავმა, საწოლის ქვეშ მოფარფატე უამრავ მტვრის ნაწილაკსაც ვეღარ ვამჩნევდი, რომლებიც სულ ცხვირში მიძვრებოდნენ დაუკითხავად და თავხედურად, რის გამოც სული მეხუთებოდა და ვბრაზდებოდი. დიდ, სველ ცოცხზე ვოცნებოდი რომ ოდესმე დამეგავა საწოლის ქვეშეთი.
ღამღამობით როცა ჩემი გაღვიძების დრო დგება, აქ ამ მტვრიან სამყაროში, მუყაოს ყუთში (რომელსაც რაღაც წარწერებიც ამშვენებს) მაძინებენ და მტვერიც მაშინვე იწყებს ჩემს ნესტოებისკენ დინებას.. როცა ყველა იძინებს და მხოლოდ შემოსასვლელში რჩება შუქი ანთებული, მაშინ მე ვიღვიძებ, ვდგები და ვიზმორები. შემდეგ გულდასმით ვათვალიერებ ჩემს სხეულს და ხანდახან აღმოვაჩენ რომ ღილი მაკლია, ან თმა მაქვს შეჭრილი, ხანდახან კი შოკში ვვარდები როცა ვხედავ რომ ან ლაქი მისვია თითებზე ან ფრიალა კაბა მაცვია, მგონი კაბის პატრონს ზაირა უნდა ერქვას, საწყალი ერთი უბრალო გოგოა, ჩუმი, წყანარი, ერთი თვალი აღარ აქვს, ჩაუვარდა ან ჩაუგდეს, ეხლა ეს თვალი თავში უგდია და რომ გაანძრევ შიგნით ლაყლაყებს. Mმასხარა ვარ და სულ ვიცინი, რა ვქნა ასეთი პირი მომახატეს ერთი ყურიდან მეორე ყურამდე გაჭრილ გამოჭრილი, ერთი პერიოდი საწოლოს ქვეშ წიგნებსაც ინახავდნენ და მაშინ წავიკითხე “კაცი რომელიც იცინის” მგონი ასე ერქვა, ასე მეგონა ჩემზე იყო დაწერილი.
ხოდა ისეთი დაზაფრული ვიყავი, მტვერი ხომ არ მიგვრძვნია და არ მისრუტია ჩემი ბურატინოს ცხვირით და არც იმაზე მიდარდია ჩემს ფეხებზე წითელი ჩექმები რომ აღმოვაჩინე და არც იმაზე ზაირას ცისფერი კაბა რომ მეცვა და მგონი მისი ხელიც მეკეთა.. საწყალი ეხლა ხელიც აღარ აქვს, არა და რა ლამაზი იყო, მგონი ფიფქია ერქვა, მერე კი პატარა და პუტკუნამ დაარქვა ზაირა.. იმ საღამოს სანამ ჩემს მტვრის მოლეკულებიან საბუდარში დამაძინებდნენ საუბარს მოვკარი ყური, დიდი და ჟღალი ეუბნება პატარას და პუტკუნას (უშუალოდ ჩვენს პატრონს) ზაირა და მასხარა თუ აღარ გჭირდება იქნებ გადავყაროთ, თან ძალიან მოძვლდნენ და გაფუჭდნენო, პატარა და პუტკუნა რაოდენაც საწყენი არ უნდა ყოფილიყო მაშინვე დაეთანხმა დიდს და ჟღალს, და სამაგიეროც მოითხოვა: შვიდი ჯუჯა, კარსლონი (რომელსაც მერე იმ წითელ ჩექმებს ჩააცმევს, ჯერ ერთ შლიაპიან კატას რომ ეცვა და ეხლა კიდევ მე რომ მიმშვენებს ჩემს განზე გასულ ხის ფეხებს) და ბოროტი დედოფალი. Mმოკლედ დასაძინებლად რომ დავწექი ჩემს წარწერებიან ყუთში, აღარც ავმდგარვარ, არც გავზმორებულვარ, არც ჩემი სხეული დამითვალიერებია.. ისე დამზაფრა ამ ამბავმა სულ ვტიროდი და ვტიროდი, მალვინას ცრემლებივით გამჭვირვალე და ზაირას ცრემლებივით სევდიანი ცრემლები სულ ღაპა-ღუპით მცვიოდა.

* * *
კლინიკური სიკვდილი და სად მიდიან თოჯინების სულები?


მოჩვენებების და საქმის დასამთავრებლად მობრუნებული მიცვალებულების სულების მართლა სჯეროდა, ოღონდ არ ეშინოდა, თვითონაც აპირებდა სიკვდილის შემდეგ დიდ მოგზაურობას, ამიტომ ხშირად უნატრია სიკვდილი, თავს ვერ მოიკლავდა, ამის გამბედაობა ნამდვილად არ ქონდა, ამიტომ როცა ძალიან, ძალიან მოუნდებოდა სიკვდილი ანუ დიდი მოგზაურობა თვალებს დახუჭავდა და ისე გადადიოდა გზებზე იქნებ... ან მტკვრის ამწვანებულ აჭაობებულ და აყროლებულ წყალს დააშტერდებოდა, არა სიკვდილისთვის მეტად ჭუჭყიანი და ბინძური იყო, არა თავის მოკვლაზე ვერც იფიქრებდა წირვებზე დადიოდა და პირადი მამაოც ჰყავდა, კიდე მარხვასაც იცავდა ახალ წელს როცა საცივს და შემწვარ გოჭს მიაქვს სუფრა, იმოძღვრებოდა ხოლმე ხან და ხან, მაგრამ სიკვდილი მაინც უნდოდა. თუნდაც კლინიკური ერთ კვირიანი სიკვდილი, უფ რას დაისვენებდა! იწვებოდა ასე გაშოტილი, აღარავინ შეაწუხებდა, აღარც ფიქრები გაუწყალებდნენ გულს, აღარც ყოველდღიური წვრილმანებით და ბანალიზმით განიხიბლებოდა (ისე ყველაზე ბანალური თვითონ სიტყვა ბანალურია). მოკლედ ერთი კვირა გემრიელად დაისვენებდა, თანაც სად იმოგზაურებდა, აი ეს კი სიურპრიზია. თანამედროვე უსაზღვრო კონკურენციის პირობებში რა კონკურენციას გაუწევდა ტურისტულ სააგანტოებს, მათ მიერ შეთავაზებულ კურორტებს, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებს, სპა სალონებსა და მდიდრულ საუნებს ხელოვნური “კლინიკური სიკვდილი”, ხელოვნურად (სულ რაღაც ერთი ჩხვლეტით ან შესუნთქებით) დაგაკლინიკურ დაგასიკვდილიანებენ და ჩაიძირები ნამდვილი დასვენების ნამდვილ სიმყუდროვეში. Pარარელურად იმოგზაურებ კიდეც, ვიწრო გვირაბში შესაძლოა სინათლეც იხილო, ან შეიძლება შენს ბავშვობაშიც კი ამოყო თავი. ასეთი ფიქრებიც მოსდიოდა ხოლმე ხანდახან თავში. ისიც კი უფიქრია სად მიდიან მკვდარი თოჯინების სულები? თოჯინები ხომ ყოველ ღამეს ცოცხლდებიან, ამიტომ მათ სულიც ექნებათ, განსხვავებული თოჯინური სული.
Aარასდროს არ ავიწყებოდა თავის ორი დამტვრეული მასხარა და ფიფქია ოდესღაც როგორ დაუნანებლად დაჩეხა და გადააგდო, სწორედ მას შემდეგ აეკვიატა სიკვდილზე ფიქრი, იქნებ ეს იმ თოჯინების წყევლა იყოს ან მათი თოჯინური სულები ჩაუსახლდა გონებაში და ტვინში – სიკვდილზე ფიქრებად?
იქნებ მართლაც ცოცხლდებიან შუაღამით თოჯინები?
ვინ იცის, იქნებ მართლაც...